პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა
"ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სტუდენტებთან საჯარო ლექცია-დისკუსია ევროკავშირის ერასმუს პლიუსის ჟან მონეს მოდულის "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" ფარგლებში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის არა მხოლოდ თანამონაწილე, არამედ ერთ-ერთი შემქმნელია და მისი მიზანი სწორედ საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა.
„ასოცირების ხელშეკრულებამ ევროპა ყველაზე დიდი მასშტაბით ჩართო ჩვენს ცხოვრებაში და ყველა სფეროში ვხედავთ, რა მნიშვნელობა შეიძინა ევროკავშირმა. ეს ეტყობა საპარლამენტო ცხოვრებასაც. როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, იცით, რომ ეს პროცესი არის ქართული კანონმდებლობის და რეგულაციების დაახლოების პროცესი და ალბათ, გსმენიათ კიდეც, რომ 45% ასოცირების შეთანხმებისა უკვე შესრულებულია, რაც საამაყო მაჩვენებელია. მათ შორის, ჩვენი მოწვევის პარლამენტმაც შეძლო რამდენიმე კანონის მიღება - მივიღეთ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი და ასე შემდეგ, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირს საკუთარი როლის მნიშვნელობა ახლებურად დაანახა.
"იმ აგრესიამ, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ვიხილეთ და ჯერ კიდევ მოწმე ვართ, ბევრი რამ სხვანაირად დაანახა თავად ევროკავშირს, მათ შორის, მისი როლი ევროპაში, უსაფრთხოების სისტემაში, სხვა ყველა სფეროში, რომელიც პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ომმა ბევრი რამის გადააზრებისკენ გვიბიძგა. რუსული აგრესია საქართველომ 90-იან წლებში და ახლახან, 2008 წელსაც გამოიარა. დღემდე, 2008 წლის ომი დაგმობის საგანია ევროპის მხრიდან, თუმცა, ვნახეთ, რომ მაშინ, სამწუხაროდ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გააზრებული, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამან მოგვიტანა 2014 წელი და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა 2022 წლამდე. ამ შეცვლილმა ვითარებამ ევროკავშირი დააყენა იმ მდგომარეობაში, რომ როგორც ჩანს, არის გააზრებული, რომ საჭიროა უფრო და უფრო მკაფიო, პირდაპირი და ცალსახა ნაბიჯები იმ სამი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს თამამი და მკაფიო გადაწყვეტილებები და საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დაანახოს საკუთარი სოლიდარობა, ვინაიდან სამივე ქვეყანა განგრძობითად არის რუსული აგრესიის ობიექტი.
ობიექტური შეფასებებით, დღეს საქართველო აკმაყოფილებს კანდიდატის მოთხოვნებს. ჩვენი საშინაო დავალება და ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, როდესაც ნატო და ევროკავშირი იქნებიან მზად პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამას გარდა, შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ახალგაზრდების კითხვებსაც, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, უკრაინაში რუსეთის აგრესიას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
შალვა პაპუაშვილს მიმართა უკრაინელმა სტუდენტმა ალექსანდრა იანჩუკმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ თბილისში ხმელნიცკის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა და "ევროპის უნივერსიტეტში“ გაცვლითი პროგრამით სწავლობს.
"მინდა გითხრათ მადლობა, რომ ყურადღება გაამახვილეთ უკრაინის მოვლენებზე და მადლობა, რომ იმყოფებოდით უკრაინაში. დღეს მე-100 დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო და მნიშვნელოვანია ამ საკითხის წინ წამოწევა, რადგან ხალხს დაავიწყდა თუ რა ხდება ახლა უკრაინაში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ამიტომ მინდა გითხრათ მადლობა ამ საკითხის წინ წამოწევისთვის, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „ევროპის უნივერსიტეტს“, რადგან მიმიღეთ და დამეხმარეთ ასეთ რთულ დროს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის უკრაინისთვის. მამაჩემიც ჯარისკაცია და ახლაც იბრძვის. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც სხვადასხვა გზით ეხმარება უკრაინას. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ორივე ქვეყანა - უკრაინა და საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა უკრაინელმა სტუდენტმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის უკრაინელ სტუდენტებს პირადად გაესაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა "ევროპის უნივერსიტეტში“ განთავსებული არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა, შეხვედრის ბოლოს კი სტუდენტები საქართველოს პარლამენტში დაპატიჟა.