შეფასების სისტემა

რა არის კრედიტი?

კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

რა შეფასებებს ითვალისწინებს კრედიტის მიღება?

  • დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით  ითვალისწინებს:
  •   ა) შუალედურ შეფასებებს (შუალედურ გამოცდას/ ან/და მიმდინარე სემესტრულ შეფასებას);
  •   ბ) დასკვნითი გამოცდის / პროექტის შეფასებას.

როგორი შეფასების სისტემა აქვს უნივერსიტეტს?

  • სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

რამდენ პროცენტს შეადგენს შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდების ხვედრითი წონა?

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა. 

როდის ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება სტუდენტს?

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც გადალახავს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ შუალედური შეფასების მინიმალურ კომპეტენციების ზღვარს.

შუალედური და დასკვნითი შეფასების რა მინიმალური ზღვრებია დადგენილი   

 უნივერსიტეტში?

უნივერსიტეტი შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრავს შემდეგ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს:

ა) სავეტერინარო მედიცინის, სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების და ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე შუალედური შეფასების 30% და დასკვნითი შეფასების 50% .

ბ) მედიცინის ფაკულტეტზე შუალედური შეფასების 50 %, დასკვნითი შეფასების 50%+1.

  როდის ეძლევა  დამატებით  გამოცდაზე გასვლის უფლება სტუდენტს?

  • დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება აქვს, თუ სტუდენტს უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, Fx-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის მიმართ.
  • სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

როდის/როგორ  უნდა შეფასდეს სამაგისტრო ნაშრომი/პროექტი?

  • სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას. სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით). შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს შედეგის შეფასებისთვის რელევანტური მეთოდი/მეთოდები და კრიტერიუმები.

სწავლა-სწავლების რა მეთოდებს იყენებს უნივერსიტეტი?

დაწესებულებაში სწავლება-სწავლის მეთოდებია: ლექცია, ინტერაქციული ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული მუშაობა, სემინარი, ელექტრონული რესურსით სწავლება, ელექტრონული სწავლება, კურაცია  და სხვ., სწავლება-სწავლის მეთოდი მოიცავს შესაბამის აქტივობებს (დისკუსია, დებატები, დემონსტრირება, პრეზენტაცია, სემინარი და სხვ.);

გააზიარე გვერდი: