ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში - პედაგოგები დასავლეთ საქართველოდან ტრენინგისთვის ზუგდიდში შეიკრიბებიან
ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის - „ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში“ ფარგლებში, საჯარო სკოლების პედაგოგ-დირექტორებს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში გადაამზადებს.
ტრენინგები დასავლეთ საქართველოდან დაიწყება და მასში ქუთაისის, ბათუმის, ლანჩხუთის, მესტიის, ჭუბერის, ხაიშის და ზუგდიდის სკოლის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში, ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ თემებზე გადაამზადებენ, როგორებიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება და შეფასების სისტემის რეფორმა.
ტრენინგის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების თემატიკა დასავლეთ საქართველოსთვის 2021 წლის ზაფხულში ევროპის უნივერსიტეტის ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ყველაზე პრობლემატურად გამოკვეთილი საკითხების საფუძველზე შემუშავდა.
EU-GS პროექტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარებაა.